“მისი მეუღლე სამაშველოში მორიგე იყო… ავარიის ადგილზე მისულს თავზარდამცემი ამბავი დახვდა, მისი სოფო გარდაცვლილი”- რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი

სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის სოფო დარსალიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფო ორი შვილის დედა იყო. ის მესამე შვილზე იყო ორსულად. იმ საბედისწერო დღეს სოფო სენაკში მანქანის საჭესთან იჯდა და სახლში, ძველ სენაკში მიდიოდა, შხეფის გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. როგორც ირკვევა, დაშავებული ქალი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა ახალგაზრდა ორსული გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გაუსაძლისია ის ტკივილი, რასაც მომხდარით შეძრული ახლობლები განიცდიან. გლოვობს სენაკი, რადგან ახალგაზრდა გოგომ იქ ყველას შეაყვარა თავი. სოფო არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მასზე წარსულში საუბარი ყველას უჭირს. თაზო ბენიძე სოფოს მეგობარი და თანამშრომელი იყო. ის ძალიან განიცდის მომხდარს, უსამძიმრებს ყველას, ვისაც გული ატკინა სოფოს გარდაცვალებამ.

თაზო ბენიძე:

– სოფო ჩემი მეგობარი და თანამშრომელი იყო. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. 17 მარტს 28 წლის გახდებოდა, ამ დღისთვის ვემზადებოდით ყველანი, რადგან მას ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა და მართლა ლამაზ დღესასწაულს აწყობდა ხოლმე, მაგრამ თავს დაგვატყდა ეს თავზარდამცემი ამბავი. ჩვენი სოფო, ჩვენი კარგი მეგობარი არ გვყავს. ჩვენ ერთი წელი ვმუშაობდით ერთად ბავშვთა გასართობ ცენტრში, სოფო ძირითადად დიზაინზე მუშაობდა, მაგრამ როცა ბავშვების გასართობად მივდიოდით გასართობ ფორმებსაც და შესაბამის როლსაც მშვენივრად ირგებდა. კარგად ართობდა ბავშვებს. ფოტოებიც კი დავდე ჩემს ფეისბუქ გვერდზე, ულამაზესი სოფო როგორ ართობს ბავშვებს. ძალიან ბედნიერი იყო, როცა ულამაზებდა ადამიანებს დღეებს, განსაკუთრებით უყვარდა ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება. როგორც მეგობარიც, არაჩვეულებრივი იყო. ყველას გვერდში მდგომი, გულს ამოიღებდა და მოგცემდა. სასწაული მეოჯახე იყო. სიგიჟემდე უყვარდა თავისი ოჯახი, მეუღლე შვილები. მართლა არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე იყო სოფო. უბოროტო, უზომოდ კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც ყოველი დღის გათენება უხაროდა. მის სახეზე სევდას ვერ ნახავდით. ძალიან პოზიტიური და მართლა სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. მითუმეტეს ახლა უბედნიერესი იყო, რომ გაიგო მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდებოდნენ მესამე შვილის დაბადებას. შარშანაც იყო ფეხმძიმედ, მაშინ მოეშალა მუცელი და ძალიან განიცადა, ახლა რომ დაფეხმძიმდა, ძალიან გახარებული იყო. მეხუთე თვეში იყო. საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ გიორგი და სოფოს. მართლა უდიდესი სიყვარული. თვალებში შესციცინებდნენ ხოლმე ერთმანეთს. რა ვთქვა არ ვიცი. ძალიან მიჭირს წარსულში მასზე საუბარი. მერე სოფომ თავისი კომპანია შექმნა, საოცარ დეკორაციებს და დიზაინს ქმნიდა, მართლა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა მისმა კომპანიამ და სენაკში თითქის ყველა იცნობდა სოფოს. ალამაზებდა ქორწილებს, დაბადების დღეებს. ძალიან რთულია წარსულ დროში საუბარი ამ სიცოცხლით სავსე ადამიანზე, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სოფო ჩხოროწყუდან იყო, მისი მეუღლეა სენაკელი და ყველაზე დიდი ტრაგედია ისიც არის მისი მეუღლე მივიდა ერთ-ერთი პირველი ავტოავარიის გამოძახებაზე და იქ თავისი საყვარელი მეუღლე დახვდა. სოფოს მეუღლე სამაშველო სამსახურში მუშაობს და როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, გამოიძახეს სასწრაფო და სამაშველო. მისი მეუღლე იმ დღეს მორიგე იყო და სამაშველო ჯგუფში, რომელიც შემთხვევის ადგილზე გავიდა, ერთ-ერთი ის იყო. იქ მისულს კი თავზარდამცემი ამბავი დახვდა. მთელი ქალაქი დასტირის მას და ყველას გული დაწყვიტა მისმა გარდაცვალებამ.

– საჭესთან თვითონ იჯდა?

– საჭესთან თვითონ იჯდა, მარტო ყოფილა, ძველ სენაკში ცხოვრობდა და მიდიოდა სახლში, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზიდან და შხეფის გზაზე დაეჯახა ტაძრის ღობეს, შემდეგ დაეჯახა ბოძს და მანქანა ამოტრიალდა. შხეფში ეკლესია რომ არის, იქ დატრიალდა ეს უბედურება. მიზეზი არავინ იცის… მართალია კლინიკაში გადაიყვანეს და რეანიმობილიც გამოიძახეს, მაგრამ ძალიან მძიმედ ყოფილა დაშავებული და ამბობენ თურმე ექიმები, გადარჩენის შანსი ერთი პროცენტიც არ იყოო. ეს საშინელებაა. ვინც ახლო მეგობრები ვართ ჩვენ ვიცით როგორ უყვარდათ ცოლ-ქმარს ერთმანეთი, მართლა თითით საჩვენებელი ოჯახი ჰქონდათ და ასეთი ტრაგედია მოხდა.

ვუსამძიმრებ ყველას. სიტყვები უძლურია ამ დროს. შარშან წინ ზუგდიდში ნატო ბერულავა რომ გაიტანა მანქანამ და ქალი ადგილზე რომ გარდაიცვალა ის სოფოს დეიდა იყო. ახლა ჩვენი ყველაზე კეთილი გოგო ავარიით დაიღუპა. ძალიან ლამაზი იყო, ძალიან ემზადებოდა 17 მარტს თავისი დაბადების დღისთვის და ეს ტრაგედია მოხდა. დაუსრულებლად შემიძლია მის სიკეთეებზე საუბარი. უბოროტო, არაჩვეულებრივი ხასიათის გოგო იყო, რომელიც მუდამ პოზიტიური, მომღიმარი იყო. სოფო როგორ დატოვე შენი ორი ანგელოზი, შენს გიოს როგორ უღალატე, სიცოცხლეზე მეტად რომ გიყვარდა. როგორი ძნელია მეგობარო შენზე წარსულში საუბარი, ჩვენო უღალატო და უბოროტო სოფო. გული მომიკალი, როგორ ვერ გაუძელი. არ მინდა დაჯერება. წახვედი და წაიღე ყველას სიყვარული. ორი სიცოცხლე ერთად გაფრინდით.

სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი წერს ამ ტრაგედიაზე, ერთ- ერთია გოგონა, რომელიც როგორც ჩანს კლინიკაში მუშაობს და ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო.

“სოფო ბოლო წუთამდე შენს გვერდით ვიდექი! ბოლო წამამდე მეგონა რომ არ დანებდებოდი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა. ღმერთო რა საშინელი შეგრძნება შვილმკვდარი დედის გვერდით დგომა. შენი ღიმილიანი სახე ჩემი გონებიდან არასდროს ამოვა, ისევ ასეთი ლამაზი მემახსოვრები და არა ისეთი როგორიც დღეს იყავი! ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი”, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

“ის იყო სიცოცხლით სავსე, მიდამ ღიმილიანი, კეთილი და უბოროტი. გლოვობს და ტირის მთელი ქალაქი ყველას გულთან მივიდა ეს საშინელი ამბავი და ყველა განიცდის. როგორ დავიჯერო რომ აღარ ხარ, როგორ შეიძლებოდა შენნაირ ახალგაზრდა, სიცოცხლის მოყვარულ, მებრძოლ ადამიანს სიცოცხლე არ დასცალდეს, როგორ უნდა დავიტიოთ ამხელა ტკივილი, რამხელა უსამართლობაა”,- წერს კიდევ ერთი ახლობელი.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს სოფო დარსალიას ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო

Previous post

დღეს, 8 მარტს, სურვილების ასრულების დროა, ქალბატონებო, განსაკუთრებით თქვენთვის! ნახეთ რომელ ზოდიაქოს გაუმართლებს დღეს – რას აცხადებს მიხეილ ცაგარელი

Next post

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

შეიძლება გამოგრჩეთ