“ჩემი თვალით ვნახე ადამიანს ფეხი ჰქონდა წაწყვეტილი და მანქანასა და ტრაქტორს შუა იყო მოყოლილი“ – რა დაინახა თვითმხილველმა ორთაჭალაში მომხდარი საზარელი ავარიის დროს
ორთაჭალაში 5 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, ვალენტინა ასიტაშვილი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა, “ნიუჰოსპიტალში” გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში ამბობენ, დაშავებულს ოპერაცია ოპერატიულად ჩაუტარდა, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, ორთაჭალაში, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა და ფეხით მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა, დაზიანდა სამი ავტომობილიც.
“ჩემი თვალით რაც ვნახე, ადამიანს ფეხი ჰქონდა წაწყვეტილი და სისხლები ასხამდა, მოპირდაპირე მხარეს ვიდექი, შოკში ვიყავი, ხალხი პანიკაში იყო, ვინ იყო ვერ დავინახე, ახლოს ვერ მივედი. ორთაჭალაში ვცხოვრობ მეც, ოღონდ მანდ არა. სკოლაში მივიყვანე ბავშვი და მაგ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია. პატარა მანქანა და ბულდოზერი თუ ტრაქტორი ერთმანეთს შეჯახებული იყო და ეს მგზავრი მანქანასა და ტრაქტორის შუაში ეგდო. მას არ ვიცნობდი. ძალიან შემძრა ამ ამბავმა, საშინელებაა, შარშან 15 წლის მოსწავლე შეეწირა, ოღონდ ამ სკოლელი არ იყო ბავშვი, მანდვე ცხოვრობდა, მაშინაც ასე დიდი მანქანა დაგორდა და მოიყოლა ბავშვი, ის ადგილზე გარდაიცვალა.
ყოველ წელს უბედურება ხდება. მაღლა მშენებლობებია და დიდი მანქანებით, მძიმე მასალით, ტექნიკით ძლივს ადიან, არავინ აქცევს ყურადღებას ამ პრობლემას. არადა სკოლაა, დილიდან ბავშვები მოძრაობენ მაგ ტერიტორიაზე და არავის ადარდებს ის რომ ბავშვები საფრთხის ქვეშ არიან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა”,- ამბობს ფაქტის თვითმხილველი ქალბატონი მზია.
სოციალურ ქსელში სტატუსი დადო გარდაცვლილის შვილიშვილმა: “ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ “ასქროლავთ”. ქვეყანას, სადაც ადამიანი ასეთი ბრუტალური სიკვდილით კვდება ვიღაცის უბრალოდ დაუდევრობის და გაუმართაობის გამო, არასოდეს, არაფერი არ ეშველება. პირველსავე შესაძლებლობას ჩავეჭიდები რომ ისე წავიდე აქ არასოდეს დავბრუნდე”, – წერს ის და უამრავი ადამიანი უსამძიმრებს.
კვირის პალიტრა