თვალები დავხუჭე, დარტყმას ველოდი, თითქოს უბრალოდ ამომატრიალეს და…” – რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ვეშაპმა გადაყლაპა და რამდენიმე წამში უკან გაუშვა: უმძიმესი შემთხვევის დეტალები
ეს სცენა ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიან ბოევიკში თავისუფლად შეიძლებოდა მოხვედრილიყო, მაგრამ რეალურად მოხდა – ჩილელი მამაკაცი რამდენიმე წამით კუზიანი ვეშაპის პირის ღრუში აღმოჩნდა, გადარჩა და ახლა დარწმუნებულია, რომ ზღვის გიგანტი უბრალოდ “მის გაცნობას ცდილობდა”.
გასულ შაბათს, ჩილელმა ადრიან სიმანკასმა გადაწყვიტა, საკუთარი კაიაკით მაგელანის სრუტეში გაეცურა, ქალაქ პუნტა-არენასის მახლობლად, ჩილეს სამხრეთ ნაწილში.
მოულოდნელად, 23 წლის კაცმა ზურგზე ძლიერი დარტყმა იგრძნო, რის შემდეგაც ჰაერში აფრინდა. ადრიანმა თვალები დახუჭა, და როცა კვლავ გაახილა, გააცნობიერა, რომ ვეშაპის პირის ღრუში იმყოფებოდა.
“ვიგრძენი ლორწოვანი ქსოვილი, რომელიც ჩემს სახეს ეხებოდა. იმ მომენტში თვალები დავხუჭე და დარტყმას ველოდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ თითქოს უბრალოდ ამომატრიალეს და ზურგზე დამაწვინეს“, – განაცხადა მან BBC Mundo-სთან, BBC-ის ესპანურენოვან გამოცემასთან ინტერვიუში.
“ვიფიქრე, რომ გადამყლაპა. თანაც, მეგონა, რომ მკვლელი ვეშაპი იქნებოდა, რადგან ცოტა ხნით ადრე სწორედ ამ ვეშაპებზე ვსაუბრობდით. მაგრამ როცა უკან გამომიშვა, მივხვდი, რომ უბრალოდ ცნობისმოყვარე იყო და ჩემთან ურთიერთობას ცდილობდა“, – დასძინა მან.
მამამისმა, 49 წლის დელ სიმანკასმა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, თავიდან ვერ გაიგო, რა ხდებოდა.
” ადრიანი ვერ დავინახე. მაშინ ძალიან ვინერვიულე. შემდეგ რაღაც სხეული შევამჩნიე და მაშინვე მივხვდი, რომ, სავარაუდოდ, ვეშაპი იყო, რადგან ძალიან დიდი ჩანდა“, – იხსენებს ის.
რამდენიმე წამის შემდეგ ადრიანი ისევ წყლის ზედაპირზე აღმოჩნდა.
“ვიფიქრე, რომ მოვკვდი, მეგონა, რომ ვეღარაფერს გავაწყობდი. მაგრამ როდესაც წყლიდან ამოვედი, მაშინ მამაჩემზე დავიწყე ნერვიულობა – რომ მასაც რამე არ მოსვლოდა“, – ამბობს ადრიანი.
მას შემდეგ, რაც ვეშაპს თავი დააღწია, ადრიანი სრულიად გაოგნებული და შეშინებული იყო, ამიტომ მამამ მოუწოდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და მისკენ გაცურა. მთელი ეს სცენა კამერამ დააფიქსირა, რომელიც დელ სიმანკასმა კაიაკის კორპუსზე დაამაგრა.
სიმანკასების ოჯახი ჩილეში შვიდ წელზე მეტი ხნის წინ გადავიდა ვენესუელის ამაზონის შტატიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად.
“ასეთ გამოცდილებას ველურ ბუნებაში, მსოფლიოს კიდეზე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით“, – ამბობს ადრიანი.
ექსპერტების თქმით, კუზიან ვეშაპს ჩილელი მამაკაცის გადაყლაპვა ფიზიკურად არ შეეძლო, რადგან ამ სახეობის ვეშაპებს მცირე ზომის ხორხი აქვთ.
“როგორც ჩანს, კაიაკი ზუსტად იმ ზონაში მოხვდა, სადაც ვეშაპი იკვებებოდა“, – განაცხადა ჩილეს უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგმა მარია ხოსე პერესმა AFP-სთან საუბარში.
ნახეთ ასევე:
ვეშაპმა ახალგაზრდა ბიჭი გადაყლაპა, მაგრამ რამდენიმე წამში უკან გაუშვა – უმძიმესი კადრები ბიჭის მამამ გადაიღო: რა მოხდა მაგელანის სრუტეში