ცნობილია 22 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5-ვე დამნაშავის ვინაობა – დასახელდა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოკლეს სადისტურად თამაზ მთივლიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა მოკლული თამაზ მთივლიშვილის საქმეზე დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე და უმძიმესი მკვლელობის საქმის ფიგურანტებს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობილია, რომ 22 წლის თამაზ მთივლიშვილი ორთაჭალაში გიორგი პაპაშვილის ბინაში სადისტურად მოკლეს. მომხდარი დანაშაული ორი დღის შემდეგ გაცხადდა, თაზოს ოჯახი ორი დღე უშედეგოდ ეძებდა.
სამართალდამცავებმა მკვლელობის საქმეზე ბრალი 5 პირს წაუყენეს, მათგან ორი პირი ძებნაშია, ამიტომ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. დაკავებულები ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე, მათ სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაკავებულები საქმის მთავარ ფიგურანტად გიორგი პაპაშვილს ასახელებენ.
სანამ ფაქტი გახმაურდებოდა გიორგი პაპაშვილმა და ბაირამ ალი გუსეინოვმა გასაქცევი თანხის მოძიებაც შეძლეს და 19 თებერვალს ქვეყნიდანაც უპრობლემოდ გაიქცნენ.
როგორც შევიტყვეთ, გიორგი პაპაშვილი და ბაირამ ალი გუსეინოვი ადრე ნასამართლევები არიან. მათ ციხე ცოტა ხნის წინ დატოვეს.
მთივლიშვილის ოჯახის უფლებებს იცავს ადვოკატი ელისო რუხაძე, მან თავად ნახა როგორი მძიმე დაზიანებები ჰქონდა მოკლულს.
„სავარაუდოდ დაბადების დღე დამთავრებული იყო და მეორე დღეს არის მკვლელობა ჩადენილი. 19 თებერვალს საზღვარი დატოვა ორმა დამნაშავემ. ცნობილია, რომ პაპაშვილი და მისი მეგობარი გუსეინოვი მანამდე ფულს ეძებდნენ წასასვლელად. ეს თანხები მოიძიეს და წავიდნენ ქვეყნიდან. სხვებს არ უცნობებია პოლიციისთვის, ამბობენ, რომ პაპაშვილი მათაც მოკვლით ემუქრებოდა და გვეშინოდაო. მაგრამ რომ იცოდნენ იმათმა საზღვარი გადაკვეთეს და ამის შემდეგ მაინც ხომ შეეძლოთ დაერეკათ 112-ში და ეთქვათ ასეთი უმძიმესი დანაშაული მოხდაო. გიორგი პაპაშვილი და ბაირამ ალი გუსეინოვი ორივე ნასამართლევია და ახალი გამოსულები არიან ციხიდან. სასტიკი დამნაშავეები არიან. დაკავებულებმა პროცესზე ერთადერთი რამ თქვეს, რომ მათ არ შეეძლოთ ამ დანაშაულის თავიდან აცილება და გაშველება. 5 ადამიანი უყურებდა როგორ კლავდნენ ადამიანს. მთავარი მაინც ის ორი გაქცეულია.
ჩვენი ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ფულია. პაპაშვილი მოითხოვდა რომ მათ სამსახურში სალაროდან ფული მოეპარათ და მისთვის გადაეცათ, იგივეს ითხოვდა თაზოსგან. თაზო აპროტესტებდა უფროსისთვის ფულის მოტეხვას და არ აკეთებდა და ეს გახდა ჩხუბის მიზეზი.
ისიც ითქვა, თითქოს უფროსის ყურამდე მივიდა ეს ამბავი და ამიტომ თაზოს აბრალებდნენ, ეგონათ მან შეატყობინა უფროსს. ახლა საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. ტელეფონების მიმოწერები და ზარები, ვფიქრობ ამის შესწავლის შემდეგ ბევრი რამ გახდება ცნობილი. ტექნიკური ექსპერტიზა სჭირდება ამას. ზუსტად როდის მოკლეს ესეც გაირკვევა. ბევრი რამ არ თქვა პროკურორმა, რადგან ძებნაშია ორი პირი. თაზო კარგად იცნობდა პაპაშვილს, მეგობრობდნენ. ტელეფონების ამონაწერები მოგვცემს დეტალურ ინფორმაციას. ამოღებულია მკვლელის ტელეფონიც, რომელიც მან დატოვა თავის სოფელში, კოდაში. ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დეტალის გარკვევა. საშინლად ნაწამებია თაზო, დაზიანებული და დაჩეჩქვილია. ხორცის საჭრელი სქელი დაფებია ამოღებული, ეს აქვს თავში ჩარტყმული და გადატეხილია შუაზე. წარმოუდგენელი სისასტიკეა ჩადენილი. მე პირადად ვნახე ცხედარი სანამ ჩააცმევდნენ სამხარაულში ექსპერტიზის შემდეგ. მას ბლაგვი საგნები აქვს ჩარტყმული, ჩაგლეჯილი აქვს საფეთქელი, დიდი დაზიანებები აქვს.
ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. შესაძლოა მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირება. მინიმუმ უმოქმედობით ჩადენილი ქმედება სახეზეა. შენ იქ ხარ, უყურებ როგორ კლავენ ადამიანს და ხმას არ იღებ.
საშაურმის მეპატრონეს ჰპარავდნენ ფულს. ისიც სცადეს თაზოსთვისაც დაბრალება ჩვენებებში, ვითომ სხვებთან ერთად გარეული იყო ამაში თაზო, არადა მას სახლშიც ნათქვამი აქვს, რომ ფულს უტეხავდნენ სხვები და ამის გამო ძალიან ნერვიულობდა.
კამერებში გამოჩნდა ამ სასტიკი დანაშაულის შემდეგ 5 პირი როგორ ტოვებს იქაურობას და გარბიან, მართალია სხვებს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, მაგრამ ვფიქრობ კვალიფიკაცია შეიცვლება, ეს არის მათი მხრიდან მკვლელობა”, – განაცხადა ადვოკატმა.
ambebi.ge