34 წლის ლაშა ჯორბენაძემ თავი მოიკლა! მიზეზი სიძის მიერ მისი დის მკვლელობას უკავშირდება – „ორი შვილი მომიკლა სალომეს მკვლელმა, რომელიც ციხიდან 2 თვეში გამოდის…”

11 წელი გავიდა სალომე ჯორბენაძის სასტიკი მკვლელობიდან. ალბათ ბევრს დღემდე ახსოვს წლების წინ ზესტაფონში მომხდარი ფემიციდის უმძიმესი ფაქტი. 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, ე.წ. “ირინეს ბაღში”, ხალხმრავალ ადგილას, თვითმხილველების თვალწინ, დღისით, 19 წლის სალომე ჯორბენაძეს ყოფილმა ქმარმა, 25 წლის სერგი საცერაძემ 5 ტყვია დაახალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელი კი პოლიციელებს ბრალის აღიარებით ჩაჰბარდა. სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები იქვე დაადეს. საცერაძე ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო და დანაშაული ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა. ბრალდებულ სერგი საცერაძეს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სალომეს ერთი შვილი დარჩა, რომელსაც სალომეს მშობლები ზრდიან. 

ამ ტრაგედიის დროს, სალომეს ძმა სტუდენტი იყო. როგორც დედა, ფატი ჭელიშვილი ამბობს, მისი შვილის ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამ ტკივილს. სამწუხაროდ, ახლა ცნობილი ხდება, რომ სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უკვე ერთ წელზე მეტია, სალომეს მშობლები და მისი ვაჟი, სანდრო ქვეყნიდან წავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს.

ახლა მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ისინი საქართველოში ჩამოსვლას და შვილთან გამოთხოვებას ვერ ახერხებენ. მათ პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ და გერმანია თვლის, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლა უსაფრთხო არ არის.

“14 თვეა აქ ვართ. 5 კითხვა გაუგზავნეს საქართველოს საელჩოს და დადასტურებას ელოდებიან. ანა ნაცვლიშვილმა გადმოუგზავნა, რომ გვემუქრებიან და დაცვა გვჭირდება. ახლა ამხელა უბედურება დაგვატყდა თავს, ლაშა აღარ მყავს. გვინდა წამოსვლა და შვილთან გამოთხოვება, მაგრამ უარს მეუბნებიან. საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს და ვერ დაგიცავთ, რომ გაგიშვათო. უსაფრთხოება არ იქნება დაცულიო, ამიტომ ვერ მოვდივართ. სამივე ვსხედვართ უცხო ქვეყანაში და ვტირით.

ლაშამ დის გარდაცვალება მაშინ სოციალური ქსელიდან გაიგო. ამ დროს ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტი იყო, ფაქიზი სულის ბიჭი გახლდათ და ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს, ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მას შემდეგ, 2014 წლიდან ვმკურნალობდით.

ახლა მალე გამოვა მკვლელი და როგორ შევხვდე ჩემი დის მკვლელს, თავს ვერ შევიკავებ და მოვკლავო, ამბობდა ლაშა, მაგრამ ჩემი შვილი მოძალადე არ იყო, ჩემი შვილი მორწმუნე იყო, ტაძრებში დადიოდა. იმის სიკვდილს თავის სიკვდილი და დასთან წასვლა არჩია. იგივე მიზეზების გამო მე, ჩემმა მეუღლემ და ჩემი სალოს, იგივე ჩემმა შვილმა – სანიმ გასული წლის იანვარში ქვეყანა დავტოვეთ, მაგრამ ლაშა არ წამოგვყვა. ეგონა, ყველაფერს მარტო, რწმენის დახმარებით გაუძლებდა, მაგრამ დეპრესიაში რომ ვარდებოდა, ეშმაკი შეუჩნდებოდა, ანტიდეპრესანტებზე უარს ამბობდა და გაზაფხულის პირველ დღეს, ასეთი ტრაგედია მოხდა.

ასე მომიკლა ორი შვილი სალომეს მკვლელმა.

ფსიქიატრიულში უმკურნალეს და მის მერე წამალს სვამდა. 2-ჯერ მოუწია კლინიკაში 2 კვირით გაჩერებამ, მერე სულ სვამდა მედიკამენტს, ოღონდ საავადმყოფო არაო, იტყოდა ხოლმე. მკურნალი ექიმი ზესტაფონში ჰყავდა და წამლებს აძლევდა, ყოველ თვეში. პენსიას იღებდა, 4 წელია. ამ ბოლო დროს რომ არ სვამდა წამალს, ბელა ექიმმაც მითხრა. ამბობდა, არ მინდა კარგად ვარ, თავს ვაკონტროლებო. მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი.

ჩემს უბედურ შვილს სხეულის 50% აქვს დამწვარი. ფარდულში შიგნიდან ჩაუკეტავს კარი, ბენზინი სანამ არ აალდა, ვერ გაუღიათ. 1,85 მ სიმაღლის ვაჟკაცი როგორ შეეტია იქ.

11 წლის წინ, მე მესროლეს 5 ტყვია, დამიხვრიტეს სხეული. მკვლელი გამოდის აპრილში, ან მაისში.

ახლა მე წამეკიდა ცეცხლი და ვიწვი. ორჯერ მოვკვდი და არ ვიცი, აღვდგები თუ არა ფერფლიდან. ყველაზე გამანადგურებელი ის არის, რომ ჩამოსვლა არ შემიძლია. როგორი მძიმეა შორიდან ამ ტკივილის გაძლება…“ – განუცხადა “კვირის პალიტრას” ფატი ჭელიშვილმა.

“კვირის პალიტრა”

Previous post

ვიდეო: “მეგობრებო, მინდა განცხადება გავაკეთო, ძალიან გული მწყდება” – გიორგი ნაზღაიძე

Next post

„ყველა მძულს და მინდა ყველა დაისაჯოს, ვისაც ბავშვების დახმარება შეეძლოთ და არ დაეხმარნენ. ყველანი ზიზღით გვიყურებდნენ“ – ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპული ტყუპების დედის უმწვავესი განცხადება

შეიძლება გამოგრჩეთ