ცნობილი გახდა სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის ვინაობა: „ცემით ჰყავს მოკლული, თავი მაგიდაზე აქვს ნარტყამი… 2 გაიქცა ქვეყნიდან“
თბილისში სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. თაზოს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მოგვიანებით კი ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს. როგორც გაირკვა, იმ დროს როცა ოჯახი ბიჭს ეძებდა, ის უკვე მოკლული ჰყავდათ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ერთ-ერთი დამნაშავის სახლში მოხდა, რის შემდეგ ცხედარი ბინაში ჩაკეტეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ. ეს ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, როცა მკვლელობაში ბრალდებულის დედა სახლში დაბრუნდა და უმძიმესი სურათი დახვდა. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ბინაში, შვილი კი სახლიდან გაქცეული იყო.
როგორც წყარო გვიყვება, დანაშაულში მონაწილე პირები თაზო მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ. თაზო თურმე საშაურმეში მუშაობდა და ამ საშაურმეში მომუშავე პირები ახლა საკანში არიან გამოკეტილები.
ნინო, თაზოს მეგობარი, თანამშრომელი:
„23 წლის იყო, მაგრამ ძალიან ბავშვური. ღამეებს ვათენებდით ხოლმე “მესიჯობაში”, იმდენ რამეს მიყვებოდა. სამწუხაროდ, არასოდეს უთქვამს, რომ რამე პრობლემები ჰქონდა. მაგაზე არასდროს არაფერი უხსენებია. ნეტავ რამე ეთქვა, დღეს ალბათ ისევ გვერდით მეყოლებოდა.
თაზო საშაურმეში მუშაობდა ჩემთან ერთად. იქ მუშაობდნენ ის ბიჭებიც, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან. დაკავებული სამი პირიდან ჩვენი საშაურმის ორი მოლარეა დაკავებული, კიდევ ერთი პირი, მეშაურმე გაქცეულია. როგორც ვიცი, ორია გაქცეული ქვეყნიდან – ჩვენი მეშაურმე, რომელსაც ბაირამი ჰქვია და მასთან ერთად გაქცეულია მისი ძმაკაცი, რომელსაც მე არ ვიცნობ. მაგრამ ვიცი, რომ ბაირამის ძმაკაცია და მის სახლში მოხდა ეს მკვლელობა. ნეტავ რამე ვიცოდე, ყველაფერს ვიტყოდი, რომ ყველა დამნაშავე საკადრისად დაისაჯოს.
ის ორი დაკავებული ძალიან ახალგაზრდები არიან – ალბათ 20 წლისები. როგორც ვიცი მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მეშაურმესთან, რომელიც გაქცეულია, არ მქონდა ახლო ურთიერთობა. მგონი 1 კვირის წინ ჩვენმა უფროსმა დაწერა სამსახურის “ჩათში”, რომ თაზო სოფელში ბრუნდებოდა და სამსახურში ვეღარ გამოვიდოდა ცოტა ხნით. თაზო კახეთიდან იყო, ასე ვიცოდით, რომ უბრალოდ ცოტა ხნით ბრუნდებოდა სოფელში და მერე ისევ აპირებდა ალბათ ჩვენთან მუშაობის გაგრძელებას. ვიცი, რომ ადრეც გაუკეთებია ასე, რაღაც პერიოდი სოფელში იყო დაბრუნებული და მერე ისევ რომ ჩამოვიდა აქ დაიწყო მუშაობა.
არ ვიცი როდის მოკლეს. 17 თებერვალს თაზოს დაბადების დღე ჰქონდა. ზუსტად თაზოს დაბადების დღეზე მწერდა ეს მეშაურმე, რომ ტატუზე ჩამწერეო, ტატუს ვაკეთებ და უნდოდა ჩაწერა, თან მთვრალი იყო და სისულელეებს მწერდა. მეორე დღეს ჩავწერე, მაგრამ ჯერ მითხრა, ცოტა გადავდოთ, რამდენიმე საათითო და მერე საერთოდ აღარ მოვიდა. მეორე, ვინც დაჭერილია მოლარე, იმ ბიჭმაც 17 რიცხვში, თაზოს დაბადების დღეზე „სმენის“ გადაცვლა მთხოვა და გადავუცვალე. ზუსტად როდის მოკლეს, არ ვიცი.
ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელიც ჩვენი თანამშრომელია თქვა, რომ ფულის გამო იჩხუბეს. სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია. როგორც გავიგე, ცემით ჰყავს მოკლული. მაგიდაზე ნარტყამი აქვს თავიო. სხვა დეტალი მართლა არ ვიცი, თორემ არაფერს დავმალავ, ყველამ საკადრისად უნდა აგოს პასუხი. ზუსტი პასუხი არავინ ვიცით, ჩვენც ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით რა იქნება“.
წყარო: კვირის პალიტრა