“ტანისამოსი გამოიცვალა და მობილური ტელეფონი დატოვა…”-ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ახალი დეტალები ორთაჭალაში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ –“ტვ პირველის” ინფორმაციით, გიორგი პაპაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ დედის მისამართზე, სოფელ კოდაში წავიდა, სადაც ტანისამოსი გამოიცვალა და მობილური ტელეფონი დატოვა.
სწორედ სოფელ კოდიდან ქრება თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 34 წლის კვალი, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ირკვევა ისიც, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გიორგი პაპაშვილის ტელეფონს მიაკვლიეს, ინფორმაცია გაშიფრეს და დაადგინეს, რომ სწორედ ის არის საზარელი დანაშაულის მთავარი ფიგურანტი.
ადგილობრივების ინფორმაციით, გიორგი პაპაშვილი წარსულშიც ნასამართლევი იყო.
ცნობისთვის, ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობაში ეჭვმიტანილი 34 წლის გიორგი პაპაშვილია, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული და მას ახლა პოლიცია საზღვრებს გარეთ ეძებს. “პირველების” ინფორმაციით, გიორგი პაპაშვილმა ქვეყნის დატოვება სწორედ იმ დროს შეძლო, როდესაც 3 დღის განმავლობაში გაუჩინარებულ 19 წლის ბიჭს, თაზო მთივლიშვილს ოჯახის წევრები ეძებდნენ.
“პირველებისთვის” ცნობილი ხდება ისიც, რომ მოკლული ბიჭი და ეჭვმიტანილი თანამშრომლები და მეგობრები იყვნენ და მათ შორის ურთიერთობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაიძაბა. თაზო მთივლიშვილი მის დაბადების დღეზე, 17 თებერვალს გაუჩინარდა, ხოლო დაღუპული ეჭვმიტანილის სახლში იპოვეს.
ირკვევა, რომ გიორგი პაპაშვილის სახლში კიდევ სამი პირი იმყოფებოდა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დააკავეს.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ აღმოაჩინა მოკლული ბიჭის ცხედარი, ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის თანახმად, 112-ში თავად ეჭვმიტანილის დედამ დარეკა, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, პოლიციაში ზარი მეზობლების მხრიდან შევიდა, რომელთაც დღეების განმავლობაში ეჭვმიტანილის სახლიდან უსიამოვნო სუნი სცემდათ.