გაირკვა ამ დილით მომხდარ უმძიმეს ავარიაში დაღუპულთა ვინაობა – მამა, მისი ორი შვილი და ქვისლი, რომელსაც ნათესავი საოპერაციოდ მიჰყავდა…
ამ დილით გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა, რასაც 4 ადამიანი შეეწირა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გარდაცვლილები არიან რომან ოსიტაშვილი და მათი ვაჟები დავით და ნიკა ოსიტაშვილები, ასევე რომან ოსიტაშვილის ქვისლი დავით ჭუაძე.
როგორც “ამბებს” გარდაცვლილი ოსიტაშვილების ახლობლებმა განუცხადეს, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ოსიტაშვილები და ჭუაძე გურჯაანში მიდიოდნენ.
“ტრაგედია დაგვატყდა თავს, მამა და შვილები დაიღუპნენ. გურჯაანში მიჰყავდა დათო ჭუაძეს ქვისლი საოპერაციოდ, სწორედ ამ დროს მოხდა ავარია. საუბარიც მიჭირს, ვერაფერს ვამბობ” – ჰყვებიან ახლობლები.
რომან ოსიტაშვილი და მისი ვაჟები ახმეტის რაიონის სოფელ ახშნის ველებიდან იყვნენ.