კაცის ცხედარი მდინარეში გადააგდეს – ახალი დეტალები მესტიაში მომხდარ ყაჩაღობაზე: სავარაუდო დამნაშავეები, რომლებსაც უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად დააკავეს
სავარაუდო დამნაშავეები, რომლებსაც უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად დააკავეს.
შსს-ს ცნობით, თავდამსხმელებმა ტურისტი კაცი მოკლეს და მისი ცხედარი მდინარეში გადააგდეს.
სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი – 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლსასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებულები ორივე პირი დააკავა. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს” – წერია შს სამინსიტროს განცხადებაში.