„შველას ითხოვდა, ბავშვების გამოყვანას ცდილობდა…“ – რა მოხდა საბერიოში მცხოვრებ ჭოლარიების მრავალშვილიან ოჯახში
აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი დღეს ყველას უჭირს. 5 მცირეწლოვანის დაღუპვამ მთელი საქართველო და, განსაკუთრებით, ის ადამიანები შეძრა, ვინც ჭოლარიების ოჯახის პატარა წევრებს ყველაზე უკეთ იცნობდა. ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა. საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 გოგონას სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, ყველაზე დიდი 7 წლის, ყველაზე პატარა კი 8 თვის იყო.
ძლიერ ხანძარს მხოლოდ დაღუპული ბავშვების ბებია გადაურჩა, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან შვილიშვილების გამოყვანას ცდილობდა და შველას ითხოვდა. ის იყო ერთადერთი, ვინც ხანძრის გაჩენის დროს პატარა გოგონებთან ერთად იმყოფებოდა, რადგან დედა ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ხანძრის შედეგად დაშავებული ბებია მძიმე დამწვრობით ჯერ რუხის საავადმყოფოში მოათავსეს, დღეს კი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 20% აქვს დაზიანებული და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
ჭოლარიების ოჯახი უკვე მეორე დღეა სამძიმარს იღებს. 5 მცირეწლოვანი გოგონას ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს გაეროს ბავშვთა ფონდი. საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს აშშ-ის საელჩო. მცირეწლოვანი ბავშვების დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს ბრიტანეთის ელჩიც საქართველოში, რომელმაც ვიდეო-მიმართვა ქართულ ენაზე ჩაწერა.
ტრაგედია გალის რაიონის სოფელ საბერიოში გუშინ, გამთენიისას მოხდა. ხანძარი კერძო სახლში გაჩნდა, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი და ბებია იმყოფებოდნენ. საცხოვრებელი სახლი სრულად დამწვარია, ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობი. არაოფიციალური ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება და ხანძარი ბენზინის აალებამ გამოიწვია.