“გახსოვთ კაცი თოჯინით ხელში?…” – როგორ ცხოვრობს დღეს კაცი, რომელსაც შოვის ტრაგედიისას 3 შვილი და მეუღლე დაეღუპა
გია დუდაშვილი, “კაცი თოჯინით ხელში”, ტალახის მასაში ოჯახის წევრების ძებნისას ამ ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. მეუღლისა და სამი შვილის ერთად დამკარგავმა მამამ 2 წლის შვილის, ანასტასიას თოჯინა იპოვა და თან დაატარებდა. გია დუდაშვილის მეუღლე ნატო ჭელიძე და უფროსი შვილი, 7 წლის ლუკა ტრაგედიიდან მხოლოდ მეოთხე დღეს იპოვეს, შემდეგ 4 წლის ანდრია… სულ ბოლოს კი თოჯინას პატრონი, 2 წლის ანასტასია, რომელიც მამამ ექსპერტიზაზე 24 აგვისტოს ამოიცნო.
გია დუდაშვილის ახლობელი ambebi.ge-ის ესაუბრა. – უმძიმეს თემაზე გესაუბრებით, ადამიანზე, რომელმაც ერთ წამში დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა. როგორ არის ბატონი გია. ალბათ იცის, რომ მისმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა; სოციალური ქსელით ათასობით ადამიანი ცდილობდა, ენუგეშებინა. ბევრი იმასაც დარდობდა, ოჯახის წევრებს რომ ყველას იპოვის და დაკრძალავს, მერე დადგება მისთვის ყველაზე მძიმე დღეებიო…
– სამწუხაროდ, სიმართლეს წერდნენ. ასეთ უბედურებებში ადამიანი თითქოს რაღაც მიზანს ხავსივით ეჭიდება და ეს აძლებინებს. გიას ჯერ ის მიზანი ჰქონდა, რომ ცოლ-შვილი მოეძებნა და ამოეცნო. 11 დღე გაგრძელდა ეს კოშმარი, ამასობაში კი დრო გადიოდა. ამის შემდეგ დაკრძალვაა საჭირო და ამაზე ფიქრსაც დრო და ძალა სჭირდება. საფიქრალი და საზრუნავი დაკრძალვის შემდეგაც ბევრია: ვინც გიყვარს, იმ ადამიანებს იმქვეყნადაც ხომ სჭირდებათ ზრუნვა?!
ჰოდა, გიამაც იზრუნა. ვერ გეტყვით, რა ძალით ან რატომ მოხდა ეს ყველაფერი მის თავს, ეს აუხსნელია, მაგრამ ის ცოცხალია და ის უნდა გააკეთოს, რასაც სიცოცხლე ადამიანს სთხოვს. არადა, მარტოა, მშობლებიც კი ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგრანტია, ირლანდიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკრძალვაზე, დადუმებული და გაქვავებული იჯდა; მაგრამ ის წავიდა. და უნდა წასულიყო, ოჯახი ჰყავს.
– დაკრძალვის შემდეგ ცარიელ სახლში ყოფნა ურთულესია…
– ჩვენს საზოგადოებაზე, რაც არ უნდა ცუდი თქვა. იმას ვერ უარყოფ, რომ თანაგრძნობის უნარი გვაქვს. ჯერ ამდენი ადამიანის შეძახილმა, შენ გვერდით ვარ, გაძელიო, მერე კი თავისმა სამსახურმა დიდი როლი ითამაშა. საოცარი უფროსი ჰყავს სამსახურში, ნამდვილი ადამიანი. მან უთხრა, არ დავუშვებ, რომ სახლში დარჩე და სამსახურში არ იარო, ამას არ დაგანებებო და გიაც მიჰყვა. ეს მისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ მარტო დარჩენის ნება არ მისცეს.
– მოკრძალებული ადამიანი ჩანს, იქ თავის ტკივილს არავის აგრძნობინებდა
.- კი, ასეთია, წარსულზე საერთოდ არ ლაპარაკობს. ეს მისი ბუნებაა. არის თავის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს. ყველაფერს უკეთებს რაც მის ცოლ-შვილს ზეცაში სჭირდებათ. ასე გადის დრო.
ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ადამიანისათვის თანადგომა ამ სიტუაციაში. თითქოს გევალება, რომ ამდენი ადამიანის გამო არ დაეცე და იცოცხლო.
წყარო: Ambebi.ge