ზუსტდება, ვის და რამდენი ლარით გაეზრდება ხელფასი იანვრიდან
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო იზრდება. იმ თანამდებობის პირებს შორის, ვისი სარგოც იმატებს, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეებით და პარლამენტის წევრებიც არიან.
ინფორმაციისთვის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითისთვის, ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს რაც შეეხება, ყველაზე დაბალი 8 კოეფიციენტი განსაზღვრულია პარლამენტის წევრების გასამრჯელოზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ კოეფიციენტებით ხელფასების გამოთვლა პირდაპირ დაკავშირებულია საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან. კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ვკითხულობთ, რომ კოეფიციენტებით სარგოს გამოთვლა შესაბამისი წლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით უნდა მოხდეს.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, რომ „საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენი შეიძლება გახდეს პარლამენტის წევრების ხელფასი 2025 წელს. (გაანგარიშება გაკეთებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საბაზო ხელფასის მიხედვით).
მონაცემები ასე გამოყურება:
პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 14 600 ლარი, წლიურად 175 200 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) – თვეში 13 432 ლარი, წლიურად 161 184 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) – თვეში 13 140 ლარი, წლიურად 157 680 ლარი;პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) – თვეში 12 556 ლარი, წლიურად 150 672 ლარი;
პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.5) – თვეში 12 410 ლარი, წლიურად 148 920 ლარი;პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) – თვეში 12 118 ლარი, წლიურად 145 416 ლარი;
პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) – თვეში 12 118 ლარი, წლიურად 145 416 ლარი;პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.2) – თვეში 11 972 ლარი, წლიურად 143 664 ლარი;
პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.1) – თვეში 11 826 ლარი, წლიურად 141 912 ლარი;
პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) – თვეში 11 680 ლარი, წლიურად 140 160 ლარი.