„რამდენი იბრძოლე, მაგრამ… სადაა სამართალი” – ტყუპების დედა, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად უამრავი ადამიანი გაერთიანდა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა
ორსული, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ახლობლები ავრცელებენ.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და ტყუპების დედა გახდა.
„ჩემო გოგო, ჩემო შორე, რამდენი იბრძოლე, რამდენს გაუძელი, ნუთუ ფუჭი იყო ეგ ყველაფერი, ერთი მოფერება რა იქნებოდა შენი შვილების, სადაა სამართალი ჩემო გოგო როგორ გვატკინე გული. იმიერში განისვენე მშვიდად. ანგელოზად მოევლინე შენს პატარებს”, – წერს ოჯახის ახლობელი.
გავრცელებული ცნობით, ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ სისხლდენა განუვითარდა, რის გამოც საზოგადოება მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა. ვრცელდებოდა სისხლის დონაციასთან დაკავშირებით არაერთი პოსტი.სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება ახალდაბადებულ ტყუპებს, თავს კარგად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.