“გვაქვს ვერსიები, რომ სხვამ დატოვა მისი ნივთები და რაღაც სცენარს ათამაშებს… ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო, ეს დაგეგმილს ჰგავს” – რას ჰყვებიან 14 წლის მოზარდის დედა და ადვოკატი

14 დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ. იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება. ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში, ბუნებრივია, ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები, მაგრამ ჯერჯერობით, ხელჩასაჭიდი არაფერია.

ორი დღის წინ, საქმეში ჩაერთო ადვოკატი პაატა შავაძე, მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაწერა.

“არასრულწლოვანი ალექსანდრე მიქელაძის კანონიერ ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაში დღეიდან მე დავიცავ! გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დაზარალებულის საპროცესო სტატუსზე დღემდე არ უფიქრია პროკურატურას. გამოძიება არ მიმდინარეობს ეფექტურად. ძალიან ბევრი შენიშვნა მექნება!” – დაწერა მან ორი დღის წინ “ფეისბუქში”.

რადგან დიდია საზოგადოების ინტერესი და ყველა ელოდება ალექსანდრეს გამოჩენას, საქმეში არსებული მეტი დეტალის გასარკვევად ადვოკატ პაატა შავაძეს დავუკავშირდით.

– ბატონო პაატა, როგორც ვიცით, ჩაერთეთ საქმეში, რას გეუბნებათ გამოძიება?

– მე ვარ ალექსანდრეს ადვოკატი, ბუნებრივია, საქმე აღძრული იყო და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარებულია, მაგრამ ბავშვი არ იყო დაზარალებულად ცნობილი. პროკურატურას მივეცი შესაბამისი მითითება, დავუსაბუთე, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ჩართვიდან ერთ საათში ალექსანდრე მიქელაძე ცნობილია დაზარალებულად. ახლა საქმის მასალებს ამზადებენ, რომ გადმოგვცენ და ამ სტატუსის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია სრული ინფორმაცია ამოვიღოთ, თუ რა ხდება ამ საქმეზე. საქმის კურსში ვარ, არაერთი განჩინებაა სასამართლოს მიერ გაცემული, არაერთი ვიდეოა ამოღებული და მუშაობენ. ვიმედოვნებთ, რომ ბავშვი ცოცხალია, ჯანმრთელია და არ მინდა დავიჯერო, რომ ის აღარ არის. ჩემი ინტუიციაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ვთქვა – ბავშვი ცოცხალია. ის რაღაცას გაექცა. ეს შინაგანი პროტესტია თუ რა, საბოლოოდ გაირკვევა. საგამოძიებო მოქმედები მიდის, რაც ნათელს მოფენს ამ საქმეს.

– როგორც მშობლები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, ბავშვმა დატოვა ჩანთა, ტელეფონი, ქურთუკი, ვიდეო ჩანაწერებიდან სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი არ იკვეთება?

– ეს არ ვიცით, ბავშვმა დატოვა თუ არა, სხვა ვერსიებიც გვაქვს, შეიძლება სხვამ დატოვა და ვიღაც რაღაც სცენარის გათამაშებას აკეთებს. არ ვიცით, ალექსანდრე რა გარემო პირობებშია ახლა, შეიძლება თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც აქვს ადგილი. კამერებში ჩანს, რომ ყოფილი შაუმიანის კვეთიდან მიემართება ზღვის ნაპირისკენ, მაგრამ ადგილზე მისვლა, ნივთების დალაგება არ ჩანს კამერებში. ისე საეჭვოდ დაკეცილია და დადებულია, ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ეს დაგეგმილს ჰგავს, კითხვებს აჩენს, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

– ზღვის სანაპიროზე ბავშვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება?

– სანაპიროზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ სხვაგანაც. ჩვენ თუ დავუშვებთ იმ ვერსიას, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, თვითონ როგორც განმარტავენ, ამ სეზონზე, ცივი წყლის პირობებში, თურმე ზღვიდან გამორიყვა ვერ ხდება, მაგალითად, 100 პროცენტიდან თუ ხდება, 2-3 პროცენტი. ასეთი რაღაც დაუშვეს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თუმცა იყო ამ დღეებში სხვა მამაკაცის გამორიყვის ფაქტი. ჩვენ მაინც უფრო სხვა ვერსიებზე ვმუშაობთ, მე და ჩემი ბევრი კოლეგა ნაკლებად ვფიქრობთ, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, ყველა ვერსია განიხილება, ყველა ვერსია იურიდიული შეფასების ღირსია, ტელეფონებზე შემოსულ ყველა ინფორმაციას ვამოწმებთ. პოლიცია ცალკე, მეც დამოუკიდებლად ვიძიებ ამ საქმეს, როგორც ადვოკატი.

– რა სახის ზარები შემოდის?

– ვთქვათ, დაგვირეკავენ აქ არის, ამა და ამ ქუჩაზე ვნახეთ მსგავსი გარეგნობის ბიჭი და ეს ყველაფერი მოწმდება. ხალხი ძალიან აქტიურობს. ხშირად რეკავენ. ახლა ალექსანდრეს დაზარალებულად ცნობის შემდეგ საქმის მასალებზე მექნება წვდომა, რომ რამე არ დარჩეს გამოუკვლეველი. საზღვარი შემოწმდა, თურქებთანაც მიდის მუშაობა, იქაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ზღვის სანაპიროზე, იქ ხომ არ გამორიყა. ან ბავშვი ხომ არ არის გადაყვანილი. ყველა ვერსია მოწმდება. არის რამდენიმე საყურადღებო ვერსია, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ, გამოძიებას ხელს ვერ შევუშლი, ვცდილობთ, გამოვკვეთოთ, რა მოხდა.

– ბოლო კომუნიკაცია ალექსანდრეს ვისთან ჰქონდა?

– ყველაფერი ცნობილია, დაიკითხა 80-მდე ადამიანი. სახლში პრობლემებთან დაკავშირებით რაიმე გამოკვეთილი ვერსია არ არის. ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ იკვეთება. ვიმედოვნებთ, რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და გამოჩნდება. ათასი ჭორი დადის ქალაქში, უამრავი ადამიანია დაკითხული, ვისაც ოდნავ რამე შეხება ჰქონდა, ყველა დაკითხულია. ზღვის გამორიყვა მიღრღნის გულს, მაგრამ ამით ვიწყნარებთ თავს, რომ ამდენი ხანი არ გამორიყა. მე მაინც იმედიანად ვარ ნაკლებად ვფიქრობ ამას, საქმის მასალებიდან არ იფიქრებ, რომ ბავშვი დაიხრჩო ან თავი მოიკლა, უფრო მეტად სხვა თემები მუშავდება, უფრო სხვა ვერსიებს განვიხილავთ. ჩვენ უფრო თბილისისკენ ვაკეთებთ აქცენტს. ვნახოთ, რა იქნება, ღმერთმა ქნას, კარგი ამბები გავიგოთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ბავშვი ოჯახს.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ალექსანდრეს დედას, ნათია დიაკვნიშვილს:

– სამწუხაროდ, მართლა არაფერი მაქვს სიახლე. არ მაქვს კამერის ჩანაწერი, რომელიც შეიძლება აფიქსირებდეს ჩემი შვილის უკან გამოსვლას და ეს მაშფოთებს.

– თავიდან თქვენი მეუღლე ჩვენთან საუბარში ამბობდა, კადრებში ჩანს, ბავშვი რომ დებს ჩანთას და ტელეფონსო, ადვოკატი ამბობს, რომ ეს არ ჩანს, რას იტყვით?

– საფეხმავლო ბილიკს რომ გადადის, ხიდთან მიდის, ეს კადრები გვაქვს ნანახი მეც და მამამისსაც, რომ მიდის ეს სილუეტი ჩანს და მერე წყდება კადრი, ლოგიკურია, რომ ამის მერე დატოვა იქ თავისი ნივთები, დაალაგა. სილუეტი ჩანს მკრთალად და ზღვის მხარე უკვე ხილვადი აღარ არის, უკან გამოსვლა აღარ ჩანს, არადა, ეს არის ყველაზე დიდი გარანტი ჩემი სიმშვიდისთვის, მაგრამ ეს კადრები არ მაქვს. არ მაქვს არანაირი ხელჩასაჭიდი, პირველ რიგში, ჩემს დასამშვიდებლად, რომ გზა კვალს დავადგე. შეიძლება ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა არაფერი ინფორმაცია არ მაქვს სხვა.

– იმ კადრებში ხომ არ ჩანან სხვა პირები, ვთქვათ, ვინმე აედევნა მას?

– არა, იქ მარტო მიდის, ასე ჩანს კადრებში.

– ყველგან წერია თქვენი საკონტაქტო, ხალხი რამდენად აქტიურობს, რამდენად გაწვდიან ინფორმაციებს?

– საზოგადოება ძალიან აქტიურია და მარტო უცხო ნომერს ვპასუხობ. ახლობლებს არც ვპასუხობ იმის გამო, რომ ვინმეს უცხო ზარი არ გამომრჩეს. ზარი არ შემომივიდეს ამ დროს. შემოდის ინფორმაციები, მაგრამ ყველაფერი ცრუა… მაგალითად, მირეკავენ, რომ ვიღაც მიამსგავსეს ალექსანდრეს, ზოგი ფოტოებს მიგდებს, მაგრამ არ ემთხვევა არაფერი. ზღვა რაოდენობის შეტყობინება შემომდის, სადაც მოვკრავ თვალს ფოტოს, ყველაფერს ვამოწმებ.

ვიცი, რამხელა ინტერესია საზოგადოებაში, ყველას აინტერესებს, ბევრჯერ დაიწერა, თითქოს ალექსანდრე ვიპოვეთ, მივმართავ საზოგადოებას, არავის დაუჯერონ, დაუჯერონ მხოლოდ ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოების დიდი ინტერესია და არ მოვეკიდები ამ დამოკიდებულებას გულგრილად. როგორც კი გამოჩნდება ჩემი შვილი, მე დავწერ ჩემი შვილის პოვნაზე ინფორმაციას.

ოღონდ რაიმე კვალი მაპოვნინა და ბავშვი მაპოვნინა, ორ სიტყვას მაინც დავწერ, რომ ვნახე ალექსანდრე. შეიძლება დეტალები არ დავწერო, მაგრამ რომ ვიპოვი, ამას აუცილებლად დავწერ!

დეტალები შემდეგ, მთავარია ჩემი შვილი ვიპოვო. მთელი საქართველოს მასშტაბით ვეძებთ, მათ შორის, თბილისშიც, რადგან მე თბილისში ვცხოვრობ. ადამიანი როცა სადღაც იმალება, მთელი საქართველოს მასშტაბით ამიტომ ვეძებთ. მართლა არ ვიცი, სად შეიძლება იყოს. მეთოთხმეტე დღეა ვეძებთ.

– გატაცების ვერსიას გამორიცხავთ?

– ეს რომ მომხდარიყო, ამდენ დღეში ხომ გამოჩნდებოდნენ გამტაცებლები, ამიტომ, არ ვუშვებ გატაცებას, რაღაც საფუძველი ხომ უნდა იყოს გატაცების, ან მშობელს უნდა ჰქონდეს ფინანსური შესაძლებლობა. ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ვართ, როგორც ბევრი ამ ქვეყანაში.

არ ვიცი, რა ვიფიქრო. ალექსანდრეს ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავს, პედაგოგები, ყველა დაიკითხა. ჩემს სახელზე იყო მისი ტელეფონის ნომერი, ამოვიღეთ ამონაწერი და არაფერია საეჭვო. ტელეფონი თვითმფრინავის რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ალბათ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო დადგენილი, სად იმყოფებოდა, მაგრამ მარტივად ვნახეთ, ამოიღეს ლოკაცია და მივედით ზუსტად იგივე ადგილას.

ვერსია არ მაქვს. იმ დღესაც ჩვეულებრივი ალექსანდრე იყო. ისეთივე ხალასი, თბილი და მეგობრული. ჩვეულებრივი დღე იყო 16 რიცხვი, არაფრით გამორჩეული და რა მოხდა, არ ვიცით. საზღვარზე გადასვლაც არ განიხილება, მისი პასპორტი სპორტის მასწავლებელს აქვს, პირადობა და დაბადების მოწმობა სახლშია, ბავშვი არასრულწლოვანია და მშობლების გარეშე არანაირი საბუთი არ გაკეთდებოდა.

ველოდები ალექსანდრეს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, მხოლოდ ჩემს დადებულ ორ სიტყვას ენდონ.

აუცილებლად ვიტყვი, რომ ალექსანდრე ვიპოვეთ.

ყველა შემოსულ ინფორმაციას ვაწვდით პოლიციას, ჩემზე მეტად არავის სტკივა, ვეძებ ჩემს შვილს, მაგრამ სად ვეძებო, არ ვიცი, რა გავაკეთო, ძალიან რთულია მოიარო ყველაფერი და ყველა ოჯახს შეუვარდე სახლში. მე ის მაძლევს ძალას, რომ მადლობა, ღმერთს ცუდი ამინდებიც იყო და არ გამორიყა ზღვამ, საერთოდ არ ვუშვებ ზღვას, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კადრი ვიპოვო, სადაც გამოჩნდება, რომ ის შემოვიდა ქალაქში. ასეთი კადრები არ ჩანს, წავიდა ზღვისკენ, მაგრამ მერე შემოსვლა არ ჩანს, კამერებს შორის არის წყვეტა და შეიძლება ისე გამოვიდეს იქიდან ადამიანი, რომ არ მოხვდეს კამერის არეალში.

ალექსანდრე ბუნებით არის ძალიან საღი, ხალასი, მეგობრული, არ არის ჩაკეტილი ადამიანი, ძალიან აქტიურია. მართლა არაფერი მაქვს ხელჩასაჭიდი, არ ვიცი, რა ვიფიქრო, საშინელ დღეში ვარ და ვფიქრობ, რომ ცუდს არაფერს გამიკეთებდა.

Previous post

დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლი დაახრჩო და მისი სხეულის ნაწილები მოხარშა (უცხოეთი)

Next post

„დღეს შეამჩნიეს… არ არის გამორიცხული გონება ჰქონდეს არეული…”- ახლახან ბათუმში დაკარგულ ბიჭზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

შეიძლება გამოგრჩეთ