დაახლოებით 2 კვირაში ბენზინის ფასი საგრძნობლად დაიკლებს

რუსეთმა ბენზინის საექსპორტო ბაზარი შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე გახსნას. რუსეთიდან ნავთობპროდუტის შეძენა წლის ბოლომდე აკრძალულია, თუმცა, დიდი ალბათობით, ბაზარი მომავალი კვირიდან გაიხსნება. ასეთ შემთხვევაში საქართველო რუსულ საწვავს ისევ შემოიტანს, რაც სხვა ქვეყნის ნავთობპროდუქტთან შედარებით იაფია. 

რუსული „კომერსანტის” ინფორმაციით, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე ემბარგოს მოხსნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე, ანუ მომავალი კვირიდან შევა.

„ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა თავისი წინადადებები ბენზინის ექსპორტის აკრძალვის მოხსნის შესახებ და მთავრობას განსახილველად წარუდგინა. ჩვენ ექსპორტზე შეზღუდვებს მოვხსნით, რადგან ფასები და ბაზრის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა.

შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ქართველი იმპორტიორები რუსეთიდან ბენზინის შემოტანას განაახლებენ. ეს მათთვის სიახლე არ არის, რადგან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა რუსეთმა რამდენჯერმა დააწესა და შემდეგ გააუქმა. ასეთი პროცესი უკვე ორი წელია მიმდინარეობს. 

კომპანია „სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ადასტურებს, რომ შეზღუდვის დროზე ადრე მოხსნა სრულიად შესაძლებელია. 

„საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ რუსეთიდან ბენზინის მოწოდება აღდგეს. წინასწარი ინფორმაციით, უკვე 1-ლი დეკემბრიდან ექსპორტის განახლება უნდა იყოს შესაძლებელი. 

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ საბითუმო ფასებს, რაიმე ისეთი დიდი ცვლილება არ არის, ბოლო დღეებში განსხვავება დახლოებით 3-5 თეთრის ფარგლებში გამოისახა. ეს სხვაობა ზრდის მიმართულებით აღინიშნა, მაგრამ დიდად მნიშველოვანი არ არის. როგორც ცნობილია, ფასზე მოქმედებს ლარის კურსიც და პლატცის ღირებულება. ორივე ამ მიმართულებით სტაბილურობაა.

დღეის მდგომარეობით, დაახლობით 2.35 ლარია ერთი ლიტრი დიზელის საბითუმო ღირებულება, ხოლო იგივე მოცულობის ბენზინის ფასი სადღაც 2.40 ლარია”, – განუცხადა „რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ. 

პარალელურად სტაბილურობაა მსოფლიო ბაზარზე, სადაც უახლოეს მომავალში ნავთობის გაიაფებას ელიან. მიმდინარე ეტაპზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 72 დოლარის ფარგლებშია და ითქვა და შავი ოქროს ღირებულება 70 დოლრს ჩამოსცდება, 

როგორც სფეროს ექსპერტმა, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნსმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, ერთი ბაზრიდან მეორეზე გადართვა არც ამჯერად იქნება კომპანიებისთვის პრობლემა. 

„ეს კომპანიებისთვის არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც, პრინციპში, კომპანიები ყოველთვის ასე იქცევიან, რადგან ისინი “პლატცს” უყურებენ და შესაბამისად, რომელი მიმწოდებელიც ოპტიმლურ ფასს შესთავაზებს, მისგან ყიდულობენ ნავთობპროდუქციას. პრაქტიკულად არ არსებობს მოცემულობა, რომელიმე იმპორტიორი მუდმივად ერთი მომწოდებლისგან ყიდულობდეს საწვავს და სხვა ალტერლატივა არ განიხილებოდეს. ხან რომელი ქვეყნიდან არის უფრო ოპტიმლური ფასი, ხან რომლიდან. 

რა თქმა უნდა, რუსული საწვავი, როგორც წესი, ყველაზე დაბალფასიანია, რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, მათ შორის ტრანსპორტირებიდან და როდესაც რაიმე შეზღუდვა არ არის, რუსეთის წილი იზრდება საწვავის იმპორტში. 

საქართველოში საწვავის იმპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებული გვაქვს, ამიტომ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ რომელიმე ქვეყნიდან იმპორტის ჩაკეტვა ვერ გამოიწვევს რაიმე ტიპის შეფერხებას ჩვენს ქვეყანაში”, – განუცხადა „რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა და კითხვაზე: რადგან რუსული საწვავი სხვა ქვეყნის ნავთობპროდუქციისგან შედარებით იაფია, როდესაც მათგან იმპორტს ვაახლებთ, რამდენად მალე აისახება ფასზე? – ბაირახტარის ვარაუდით, ტექნიკურად ამას 2-3 კვირა სჭირდება. 

„ამ ამბავში უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ბაზრის სპეციფიკა. ხშირად ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ ქართული საწვავის ბაზარზე კომპანიები არაჯანსაღი ფასებით ოპერირებენ. ჩვენ ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკაა და უფრო ხშირია შემთხვევა, როდესაც გლობალურად ღირებულების კლებას, ჩვენთან ან საერთოდ არ ასახავენ ან დაგვიანებით. ასეთი მოცემულობის გათვალიწინებით ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა ტექნიკურად დაბალფასიანი პროდუქტის რიგით მომხმარებლამდე გადაცემას 2-3 კვირა სჭირდება.  

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ ტენდენციას, ბოლო პერიოდში საწვავის მიმართულებით არსებითი ცვლილებები არ შეინიშნება. კარგად ვიცით, რომ ფასზე ორი მთავარი კომპონენტი მოქმედებს. პირველი არის გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესები და მეორეა შიდა ფაქტორი, რაც ლარის კურსს უკავშირდება. არსებითი ცვლილება არც ერთი მიმართულბით არ გვაქვს. 

შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია ნედლი ნავთობის ღირებულება და ვიმედოვნებ, რომ ფასებმა კლება კიდევ უნდა გააგრძელოს. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბოლო პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე არსებითი ცვლილება საწვავის ფასთან დაკავშირებით არ ყოფილა”, – აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „რეზონანსთან” საუბრისას.

Previous post

“აღარ შემიძლია მეტის მოთმენა, ყველას გაფრთხილებთ…” – სოფო ნიჟარაძემ მიმართვა გამოაქვეყნა

Next post

ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს ნოემბერში ყველა ოცნება აუსრულდება და ფინანსურად გამდიდრდება – ჯერ დაწერეთ თქვენი ზოდიაქო და შემდეგ ნახეთ სია პირველ კომენტარში

შეიძლება გამოგრჩეთ